ლიბერალობას ამოფარებული ლობირება უნდა დასრულდეს - მინისტრი სახელმწიფო კლინიკებზე

პუბლიკა

„ჩვენს ქვეყანაშიც ლიბერალობას ამოფარებული ლობირება უნდა დასრულდეს და სახელმწიფო კლინიკების მიმართ გაჩენილი სტიგმა უნდა დაინგრეს“,- ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებისას სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიასა და სამედიცინო ჰოლდინგის როლზე  ისაუბრა.

„სახელმწიფო კლინიკებთან მიმართებით არაერთხელ გაჟღერდა, ე.წ. ექსპერტების პოპულისტური განცხადებები, რომელთა ერთადერთი მიზანია ბიზნესინტერესების ლობირება და არა ხალხის საჭიროებაზე ორიენტირება.

თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს, დავინახავთ, რომ სექტორში ყველა მათგანი არის წარმოდგენილი კლინიკური კომპონენტით. ამ ქვეყნებში არც კონკურენციის და არც რეგულეციების მიმართ კერძო სექტორს მტრული დამოკიდებულება არ გააჩნია, რადგან მათ გააზრებული აქვთ, რომ თანამედროვე სამყაროში რეგულირება ემსახურება სტაბილური და მდგრადი ბიზნესის გარემოს ფორმირებას. ამიტომ, ჩვენს ქვეყანაშიც ლიბერალობას ამოფარებული ლობირება უნდა დასრულდეს და სახელმწიფო კლინიკების მიმართ გაჩენილი სტიგმა უნდა დაინგრეს“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ, გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებების ეფექტური მართვით, მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდმა ეს მოცემულობა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა – თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფოებმა, ასევე რუხის მრავალპროფილურმა კლინიკამ, კოვიდის მართვაში უმაღლესი შესაძლებლობები გამოავლინეს.

მისივე თქმით, სახელმწიფო კლინიკები გახდება ხარისხის, ხელმისაწვდომობისა  და ჯანსაღი კონკურენციის მყარი საფუძველი. სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა.

„ამავდროულად, სახელმწიფო საკუთარ კლინიკურ ბაზას გამოიყენებს იმ მომსახურებების განვითარებისთვის, რომლის მისაღებად დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და საკუთარ ოჯახთან და საქმიანობასთან  ხანგრძლივი დროის მანძილზე დისტანცირება. სამედიცინო საჭიროებებისთვის აქტიური მიგრაცია ჩვენი დიდი გამოწვევაა. მაგალითად, 2018 წლიდან დღემდე რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1 200-მდე პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდა, რაზეც 18 მილიონ ლარზე მეტი  გაიცა. საყურადღებოა, რომ  რეფერალის ფარგლებში გაცემული თანხების შესწავლის მიზნით, ჩვენ ჩავატრეთ შიდა აუდიტი, რომელმაც გამოავლინა, რომ გაცემული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელი რჩება პაციენტების მიერ. მაგალითად, 2017-2021 წლებში, პაციენტების მიერ გამოუყენებელი დარჩა 600 000 ლარი. სამინისტრომ მოიძია აღნიშნული თანხები და ბიუჯეტში დააბრუნა. მსგავსი აუდიტი გაგრძელდება 2017 წლამდე პერიოდში გაცემული თანხების ნაწილშიც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.