„ლიბერთი ბანკთან" მოძრაობა „ხმის" ორი წევრი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს

პუბლიკა

„ლიბერთი ბანკის” ვაკის ფილიალთან მოძრაობა „ხმის” აქტივისტები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ისინი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლდნენ. სასამართლოში საქმის განხილვა მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

მოძრაობა „ხმამ” ამ შემთხვევამდე „ლიბერთი ბანკის“ შენობას წითელი საღებავები შეასხა. აქციაზე ისმოდა შეძახილები  – „ჩამოწერე სესხები“, „ძირს კაპიტალიზმი“.

მოძრაობის ცნობით, დაკავებული იყო მათი მესამე წევრიც. „პუბლიკა” ცდილობს ინფორმაციის გარკვევას.

წვრილმანი ხულიგნობა კოდექსში ასეა განმარტებული − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს,  – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.