ლიცენზია ჩამოერთმევა იმ ტაქსისტებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ ექნებათ გავლილი - კალაძე

პუბლიკა

„ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშულებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს, კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას ეწევიან, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობა ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში მიეცათ შეღავათი ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით, თუმცა ეს ვადა უკვე ამოწურულია.

„ჩვენ ამ პანდემიის პირობებში მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავადებულიყო, თუმცა დღეს უკვე არის დრო, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა აუცილებლად გაიარონ ტექდათვალიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია“, – განაცხადა კახა კალაძემ.