„ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულნი არიან, თუმცა მხოლოდ თქმა არასაკმარისია“ - საბანაძე

პუბლიკა

„ყველა ლიდერი ამბობს, რომ პროევროპული არიან, თუმცა მხოლოდ თქმა საკმარისი არ არის, ასეთი უნდა იყო“, – ამბობს ევროკავშირში საქართველოს მისიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე გამოცემა Le monde-თან. გამოცემის ცნობით, საბანაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რათა „არ გააუარესოს ვითარება“.

ამავე გამოცემასთან საბანაძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან უთანხმოება ჰქონდა.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნატა საბანაძის კომენტარს „ერთი პირის მოსაზრებას“ უწოდებს და ამბობს, რომ მდგომარეობა თვისობრივად განსხვავდება საბანაძის მოსაზრებებისგან.

„ნატა საბანაძის განცხადებას რაც შეეხება, ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ვაცხადებთ ხელისუფლება, რაც კონსტიტუციაშიც წერია, რაც საქმეებით დასტურდება, კონკრეტული საქმეებით დასტურდება. ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე და რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა იმ განხილვების დროს, რომელიც ამ დილით ყველამ მოვისმინეთ, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის და უმთავრესი აქტორის საერთაშორისო ასპარეზზე, მათი მოსაზრებები, მათი საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრებები მოვისმინეთ. ამის საპირისპიროა, შეიძლება, ის მოსაზრებები, რასაც აჟღერებს ქალბატონი ნატა. მდგომარეობა რეალურად თვისობრივად შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც არის განვითარებული ქალბატონი საბანაძის მოსაზრებებში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


21 მარტს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა.