ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას - ლანდსბერგისი

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს თავშესაფარს არ მისცემს.

„ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე.

21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ქვეყანას ტოვებს. რიგი დგას სახმელეთო საზღვრებთან; გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე.

ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.