ლიეტუვამ ირაკლი კობახიძესა და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

ლიეტუვამ „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესა და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი X-ზე წერს.

მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას.

„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას.

ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი.

კობახიძესა და კიდევ 13 ადამიანს დღეს სანქციები დაუწესა ესტონეთმა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მისი თქმით:

„ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წარმომადგენელი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეებიც, თუმცა, სანქცირებულთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.


ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების” შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სანქციები 2 დეკემბერსაც დაუწესა. 2 დეკემბრის სანქციები სანქცირებულ პირებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავს.