ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა - Ekho Kavkaza

პუბლიკა

„კრემლის რეჟიმი უკრაინელი ერის განადგურებას ცდილობს. ამიტომ ასეთი ქმედებები გენოციდად უნდა იქნას აღიარებული, ხოლო რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, – ნათქვამია ლიეტუვის სეიმის [უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო] რეზოლუციაში.  ლიეტუვის რეზოლუციის შესახებ ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს.

Ekho Kavkaza-ს ცნობით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქალაქ ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და ჰოსტომელში ჩაიდინეს მასობრივი სამხედრო დანაშაულები.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინელების განადგურებას ადასტურებს უკრაინული ოჯახების ამოხოცვა, მათ შორის ბავშვების მკვლელობა, გატაცებება, წამება, გაუპატიურება, ცხედრების დაცინვა.

„ლიეტუვის სეიმი აღიარებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

როგორც Ekho Kavkaza წერს, ლიეტუვა რეზოლუციით ხაზს უსვამს, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რათა გამოიძიოს და შეაფასოს რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ.