ლიეტუვამ, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა. ანალოგიური გადაწყვეტილება მაისის დასაწყისში მიიღო ესტონეთმაც.
სააგენტო Delfi-ს ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.
ეს არის ევროკავშირის მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს.
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა.
გადაწყვეტილება შეეხებათ:
- საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს.