თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.