ლიეტუვის პარლამენტის წევრი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩამოდის

პუბლიკა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ჩამოდის. პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს, რომ ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შეხვდება, რათა დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები სტრატეგიული მიზნებისთვის გააერთიანოს.

გამოცემა The Baltic Times წერს, რომ ლიეტუვის სეიმის წევრების მივლინებები პანდემიის გამო შეჩერებულია, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო სეიმი საგანგებოდ შეიკრიბა და პავილიონისის გამგზავრებისთვის გამონაკლისი დაუშვა. საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში დღეს ჩამოდის და ეცდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მიაღწიოს.

„მე მაქვს ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის წარსული გამოცდილება. ვხელმძღვანელობდი საქართველოს მეგობართა ჯგუფს წინა მოწვევის პარლამენტში. მყავს მეგობრები ორივე მხარეს და ვეცდები მათ შერიგებას“, – უთხრა გამოცემას პავილიონისმა.

პოლიტიკოსის თქმით, ლიეტუვის ელჩი იყო სწორედ პირველი, ვინც  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციასთან მივიდა და მელიას დაკავების მოლოდინში შენობის შესაძლო შტურმის წინ პირადი მხარდაჭერა გამოხატა.

პავილიონისის თქმით, ის ეცდება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნოს, ასევე სურს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. მის თქმით, როგორც წესი, ქართველი პოლიტიკოსები ლიეტუველთა აზრს ითვალისწინებენ და ახლაც ამისი იმედი აქვს.

„დავჯდებით როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან და ვეცდებით, მოვნახოთ გამოსავალი. რომელიც აუცილებელია თუკი საქართველო გეგმავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას… ერთმანეთთან პიროვნული დაპირისპირებით კი ეს ვერ მოხდება. მათ უნდა გაითვალისწინონ ლიეტუვას მაგალითი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად უნდა ითანამშრომლონ“, – თქვა პავილინიოსმა.

პავილიონისის ვიზიტამდე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა თავშეკავებით უნდა იმოქმედონ ხალხის საკეთილდღეოდ. მელიასთვის პატიმრობის შეფარდება კი კანონის უზენაესობის შესახებ აჩენს კითხვებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ისინი ჩიხში შეიყვანოს და საზოგაოების კიდევ უფრო დაყოფა გამოიწვიოს. ასევე მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებისგან. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მხოლოდ დააზიანებს ქვეყნის მომავალს“, – აცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


საქართველოში საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ გაღრმავდა. პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დაკავება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მან არ შეასრულა აღკვეთის ღონისძიების პირობები.

ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი ახალი მოწვევის პარლამენტშიც მოუხსნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 17 თებერვალს მას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსების „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შეიკრიბნენ ნიკა მელიას მხარდასაჭერად და განაცხადეს, რომ პოლიციის მცდელობას, დააკავოს ნიკა მელია მშვიდობიანი გზით შეეწინააღმდეგებოდნენ.

18 თებერვალს, მოულოდნელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2013-2015 წლებსი ერთხელ უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.