ლიეტუვის საგარეო: ჩატარდეს არჩევნებისა და დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც მოითხოვს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე.

„26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობა, ორივე მათგანი იყო, როგორც საარჩევნო კამპანიის პროცესში, ასევე, კენჭისყრის დღეს. ეს მოიცავს ბრალდებებს მოსყიდვის შესახებ, საარჩევნო უბნებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის თავდასხმებსა და დაშინების ენას დამოუკიდებელი დამკვირვებლების წინააღმდეგ, ასევე, ქმედებებს მედიის საქმიანობის შესაზღუდად და სხვა.

თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება ჩარევაზე დაკავშირებულია მმართველი პარტიის ოპონენტებზე, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმასთან, მათ შორის დაპირებებთან, რომ არჩევნების შემდეგ აკრძალავენ მათ; ასევე, საარჩევნო კამპანიაში დეზინფორმაციის სისტემატურ გამოყენებასთან და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან.

ეს დარღვევები აღრიცხეს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა. დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ასევე, დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგებს შორის მკვეთრი შეუსაბამობა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და საბოლოო შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე.

ამის გათვალისწინებით, ლიეტუვისთვის რთულია ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად აღიარება. ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას პატივი უნდა ეცეს. ამ უფლებებისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერი მცდელობა სრულიად მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს ამ არჩევნებისა და მის დროს გამოვლენილი დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი უკვე შეჩერებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონმდებლობის გამო. საქართველოს არჩევნებში დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. საქართველოს მმართველ პარტიასა და მის ლიდერებს ეკისრებათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობების შეჩერებასა და საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაყინვას გააგრძელებს. დამატებითი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაში გადაუდებლად უნდა იყოს განხილული.

ლიეტუვა გააგრძელებს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით დგომას. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.