მასალა განახლებულია მერიის პასუხით
ავჭალაში, ე.წ. ტიტანიკის კორპუსში, ლიფტის შახტში 13 წლის ბავშვი ჩავარდა.
IPN-ის ცნობით, მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი ავარიულია. კორპუსის მცხოვრებლები „ტვ პირველთან“ აცხადებენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს.
ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ კორპუსიდან მოსახლეთა ნაწილი გაასახლეს, თუმცა მიტოვებული ადგილები დალუქული არ ყოფილა.
მეორე მცხოვრები ამბობს, რომ კორპუსის ყველა ლიფტი პრობლემურია, მერიაში ხელმოწერებიცაა გაგზავნილი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
„ჩვენი სიარული უკვე ამოიწურა, მეტი რა შეიძლება, გავაკეთოთ?! მერიასთანაც ტრაფარეტებით ვიდექით. გამგეობასთან და ზარნაძესთან ხომ… ყველაფერი მოვსინჯეთ. აი, ეს უბედურება მეოთხე შემთხვევაა. საერთოდ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. როგორ შეიძლება? ამდენი მოსახლეობა ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ამ მთავრობას, მთავრობაზეც აღარაა, არ გვცემენ პასუხს და წინ გადადგმული ნაბიჯი არაფერია, ესაა ჩვენი წინ წადგმული ნაბიჯი, რაც მოხდა“, – თქვა მესამე მცხოვრებმა მედიასთან.
თბილისის მერიამ „პუბლიკას“ მიაწოდა განცადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ავარიულია და ამ მიზეზით, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა. მერიის მტკიცებით, მოსახლეობის გამოყვანის პროცესი წლების წინ დაიწყო – მოსახლეობას შესთავაზეს კორპუსის ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა. მათი ცნობით, ნაწილი შეთავაზებას დასთანხმდა, ნაწილი კი კვლავ უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიდბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყონებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.