„ლილო მოლში“ მოვაჭრის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორე პირს მკვლელობაში დახმარებისთვის ბრალდება წარედგინა. ასევე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება დაუმძიმდა მესამე პირს.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, მკვლელობა 3 აგვისტოს მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა.

2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მკვლელობაში დახმარებისთვის ბრალდებული – 2 დღის წინ, 7 ნოემბერს.

მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული პირი მიმალვაში იმყოფება.

„ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებს უწყება.