შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლილოს დასახლებაში მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს – ლ.კ. დაკავებულია განზრახ მკვლელობის, ხოლო ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.