პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ „მაშინ და იმ ფორმით“, როცა ამას გადაწყვეტენ. მისივე თქმით, როცა შინაარსზე საუბრისგან დაცლილია პოლიტიკური ველი, „პარტიები იწყებენ ასევე მანდატების ჩახსნით საუბარს“.
„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით, პირველმა სხვათა შორის, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და პირველ სხდომაზე ეს ყველამ ნახა, ხომ?! ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ლილუაშვილმა უპასუხა კითხვას პარლამენტარის ხელფასის აღებაზეც და თქვა, რომ ხელფასს არ აიღებენ.
25 ნოემბერს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩახსნის, მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ დღეს მიმართავენ ცესკოს და ჩახსნის სიას. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღეს მიმართავენ ცესკოს სიის ჩახსნის მოთხოვნით.