გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვება, რათა „არავის მისცეს უფლება, ბავშვები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ”.
ლილუაშვილი ამბობს, რომ „მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი მამუკა მდინარაძეა”.
საქმე „ქართული ოცნების” ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს ეხება, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურას და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის – „ქართული ოცნების” (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე. უბრალოდ, რომ დაგუგლოთ „ლგბტ პროპაგანდა”, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად”, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.
ჰომოფობიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დღეს, 25 მარტს წარადგინა, მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.
თუმცა, ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს.
კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.