სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, განცხადება, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები“ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, გაფრთხილებაა, რომ საქმეში ჩართულმა პირებმა წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ.
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გასაფრთხილებლად გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუსიდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – თქვა ლილუაშვილმა.
სუსის მტკიცებით, „აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.