ლილუაშვილი უნდა გადადგეს. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ სუს-ს გავაუქმებთ - მელია

პუბლიკა

ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა.

ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ დებს პირობას, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიას გააუქმებს”.

„ის, რაც ბოლო დღებში ხდება, უკვე ყოველგვარ მასშტაბებს გაცდა. საზოგადოებამ ვნახეთ, თუ რა მასშტაბი აქვს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ უკანონობასა და დანაშაულებებს, თუ რა შემზარავად ამორალურია ეს რეჟიმი.

როგორ გროვდება სასულიერო პირებზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და შემდეგ როგორ ხდება მათი გადაბირება და სუსის აგენტებად ქცევა.

ამასთანავე, სამწუხაროდ, ამ მასალებში ჩვენ ვნახეთ ცნობები/ფაქტები სასულიერო პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დანაშაული აღეკვეთა და დამნაშავე დაესაჯა, ივანიშვილის რეჟიმი დანაშაულზე მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს საკუთარი მანიპულაციებისთვის – სასულიერო პირების შანტაჟისა და სათავისოდ გამოყენებაში.

დღეს უკვე გასაკვირი არ არის თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები. და ამავდროულად, ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ.

ჩემთვის, პირადად, ეს თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის, მონაზონის, თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა.

დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. დაისაჯოს იმ სისასტიკისთვის, რისი ანალოგი ამ ქვეყანაში არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა”, – აღნიშნა მელიამ.

მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამ გზით დაამარცხონ მოქმედი ხელისუფლება. როგორც მან აღნიშნა, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუს-ის უფროსმა, „ივანიშვილის გებელსმა”, გრიგოლ ლილუაშვილმა. 

„გამოიყენეთ ეს ძალა, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ. დავამარცხოთ ეს მოძალადე, ბოროტმოქმედი, უზნეო, ამორალური ხელისუფლება და პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი გავაკეთებთ, გპირდებით, იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება.

მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია მიუხედავად მისი სახელისა, კგბ, სუკი, კუდი, სუსი – გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ.

ეს მოხდება, მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება”, – აღნიშნა მელიამ.