„გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია.
„დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რის ერთ-ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ!
დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ.
ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ, ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.
ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
„გახარია – საქართველოსთვის” პარტიამ ცესკოს მიმართა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი/ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მისცა ხმა.