სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატი და ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს, რომ მასთან „ძალიან ახლოს არის მმართველი გუნდის ფასეულობები” და შეეცდება, სამგორელების ხმა იყოს საკანონმდებლო ორგანოში. მის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ლიპარტელიანის თქმით, აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა სარწმუნოებისა და ადათ-წესების დასაცავად.
„შევეცდები, ამ გამოწვევას გავართვა თავი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. შევეცდები, სამგორის რაიონელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო. სპორტი გვასწავლის ბრძოლის ჟინს, გამარჯვებისკენ სწრაფვას და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი. ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო.
ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის 8 დელეგატი წარადგინა.
დიდუბე-ჩუღურეთი – მოქმედი დეპუტატი, გიორგი ვოლსკი;
მთაწმინდა-კრწანისი – მოქმედი დეპუტატი, დავით კაჭარავა;
ვაკე – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, ზუკა რურუა;
საბურთალო – თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი;
ნაძალადევი – თბილისის საკრებულოს წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი, ირაკლი ხელაძე;
გლდანი – თბილისის საკრებულოს წევრი, ლადო ბოჟაძე;
ისანი – ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი, ნიკა ელისაშვილი;
სამგორი – ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი.