ვარლამ ლიპარტელიანი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი | „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში 8 დელეგატი წარადგინა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში თბილისში, პარტიის 8 დელეგატი წარადგინა.

დიდუბე-ჩუღურეთი – მოქმედი დეპუტატი, გიორგი ვოლსკი;

მთაწმინდა-კრწანისი – მოქმედი დეპუტატი, დავით კაჭარავა;

ვაკე – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, ზუკა რურუა;

საბურთალო  – თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი;

ნაძალადევი – თბილისის საკრებულოს წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი, ირაკლი ხელაძე;

გლდანი – თბილისის საკრებულოს წევრი, ლადო ბოჟაძე;

ისანი – ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი, ნიკა ელისაშვილი;

სამგორი – ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი.

„ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს.

შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


15 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ რეგიონებში „ოცნების” 22 დელეგატი წარადგინა. 

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი განსაზღვროს 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. აღნიშნული ცვლილებს საარჩევნო კოდექსში მესამე მოსმენით 15 მაისს დაუჭირეს მხარი.

„დელეგატები” საარჩევნო სიაში მაჟორიტარის ალტერნატივაა – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება.

თუმცა, უცნობია, რა ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში ესა თუ ის დელეგატი და მოხვდება თუ არა პარლამენტში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამა თუ იმ ოლქში მისი პარტია გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს დასახელებული დელეგატები პარტიის „გამსვლელ სიაში” იქნებიან.