„ლისის ტბა დაშრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა“ - პეტიცია

პუბლიკა

„ერთად გადავარჩინოთ ლისის ტბა“, – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება, რომელსაც 1,097 ადამიანი აწერს ხელს. პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ლისის ტბა, თავის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ქალაქ თბილისში მწვანე სივრცეების სიმწირის და მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის გამო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო ობიექტს და მისი არსებობა მნიშვნელოვანია, თუ არა აუცილებელი, ათასობით თბილისელის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისვის.

მათი თქმით, ლისის ტბას დაშრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

„ლისის ტბა დაშრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა, რაც ჯერ კიდევ 2020 წელს, ლისის ტბის ტერიტორიის ყოფილი მფლობელის, შპს “ტურისტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბა” – ს და მასთან ასოცირებული პირების კვლევებით დადასტურდა (იხ. დოკუმენტები).

პირები ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბ-ნ რამაზ ახვლედიანის მიერ გაზიარებულ დოკუმენტში („აქტი ლისი 1“) აღნიშნავენ შემდეგს:

„ტბაში წყლის სარკის ზედაპირი კატასტროფულად შემცირებულია. მიმდინარე (2020) წლის 24 ივლისის მდგომარეობით ტბაში წყლის დონე ნორმალური შეტბორვის დონიდან (624 მ) დაწეულია დაახლოებით 1.5-2.0 მეტრით და აქედან გამომდინარე ტბაში წყლის მოცულობა შემცირებულია 700-900 ათასი კბ/მ-ით“. 

აღნიშნული პრობლემის მიზეზებად ასახელებენ შემდეგს:

1) „ატმოსფერული ნალექების შედეგად წარმოშობილი ჩამონადენი წყლების შემკრები არხები ნატანითაა შევსებული“

2) „ნუცუბიძის პლატოზე არსებული გრუნტის წყლებით, ლისის ტბის ხელოვნურად შევსების სისტემა, სატუმბი სადგური და მილსადენის ქსელი დემონტირებულია“.

როგორც პეტიციის ტექსტის ავტორები აცხადებენ,  პეტიციის მიზანი სამინისტროსთვის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის ამ პრობლემის მიმართ საზოგადოებრივი აღშფოთების ჩვენებაა.

„ლისის ტბა და მისი მიმდებარე ეკოსისტემა, რომელიც ტბის დაშრობის შედეგად შესაძლოა განადგურდეს, თბილისისთვის წარმოადგენს ჟანგბადის მნიშვნელოვან წყაროს. შესაბამისად, ლისის ტბის ეკოლოგიური კატასტროფა წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ იმათთვის, ვინც მას სარეკრეაციო მიზნებისთვის იყენებს, არამედ ზოგადად თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის“, – წერია პეტიციაში.