მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, ლისის ტბის ასახვევთან ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე ნიკა მელიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ნიკა მელია 29 მაისს ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მელიამ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული წესით დაკავების მომდევნო დღეს, 30 მაისს ჩანიშნული იყო წულუკიანის კომისიის საქმეზე სხდომა, რომელზეც მელიასთვის შეფარდებული გირაო პატიმრობით უნდა შეეცვალათ, რადგან მელიამ გირაო არ გადაიხადა. მელია სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა. ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ნიკა მელია 30 მაისს სხდომაზე მიიყვანეს. მისი გირაო პატიმრობით შეიცვალა.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სხდომაზე გამოიკითხნენ მოწმე პოლიციელები, თუმცა მელიამ ვერ ამოიცნო, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მის დაკავებაში. ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსის დაკავებაში 50-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.
კონდახიშვილის თქმით, პოლიციელებმა თქვეს, რომ ნიკა მელიამ ვერაზე „ვიღაცას მანქანიდან შუა თითი აჩვენა და მონა დაიძახა, მათ ეს მიიღეს თავის შეურაცხყოფად, გადასცეს საპატრულო პოლიციას და შედეგად, ის ლისის ტბასთან დააკავეს“.
დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ლისის ტბის ასახვევთან მისი დაკავების გარემოებები.
„მეორე დღეს იწურებოდა გირაოს ვადა წულუკიანის კომისიაში არმისვლის თაობაზე. დილით მქონდა პროცესი აქ, ამ შენობაში. საჯაროდ განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი მისვლას. რეჟიმმა იფიქრა, რომ ვაითუ მელია ისევ გამოიკეტოს ოფისშიო და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარება… ამ ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, ბარემ, დღესვე მოვიტაცოთ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს სპეცოპერაცია. 20-50-მდე პოლიციელი იყო… . ხვალ დილის 9 საათზე რომ მიჭერდნენ და ისედაც მივდიოდი ციხეში, ტელევიზიაში მიმავალმა თურმე შევაგინე, გამომეკიდნენ და გამიტაცეს“, – თქვა ნიკა მელიამ.
წულუკიანის კომისიის საქმეზე ნიკა მელიას 8 თვე აქვს მისჯილი. სასამართლო ცალკე განიხილავს მოსამართლისთვის წყლის შესხსმის საქმეს; გარდა ამისა, პროკურატურამ ნიკა მელიას ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც წარუდგინა ბრალდება.