მწერალთა სახლის ცნობით, ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021“ ვეღარ გაიმართება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრემია „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ 2020 წელს მწერალთა სახლის ინიციატივით დაარსდა და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის ცვლილებას ( ჟიურის დაკომპლექტების წესი) მოჰყვა მწერლების, ლიტერატორებისა და გამომცემლების პროტესტი, რის გამოც პრემია „ლიტერას“ განხორციელება შეუძლებელი გახდა. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ და მთარგმნელობითი პრემია „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის „კულტურის ხელშეწყობა“ ფარგლებში ერთიან პროექტად და სამინისტროს პოზიციაა, განიხილოს ორივე პრემიის ჩატარება ერთიან ჭრილში, შესაბამისად ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021“ ვეღარ გაიმართება. მწერალთა სახლი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს შეძლებს ორივე პროექტის წარმატებულად განხორციელებას“,- ნათქვამია განცხადებაში.