გუშინ ლიტერატურული პრემია „მაჩაბლის“ დაჯილდოება ჟიურის სამმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მათი განცხადებით, მიზეზი ჟიურის ერთ-ერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის მიკერძოებული დამოკიდებულება გახდა, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, ნინიკო მშვიდობაძის მიმართ.
იოსებ ჭუმბურიძე კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელია.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის, თამარ გელიტაშვილის თქმით, დაჯილდოების ცერემონია, რომელიც გორის თეატრში გაიმართა, მის დაწყებამდე, პროტესტის ნიშნად, ჟიურის ორ სხვა წევრთან ერთად დატოვა.
„დავტოვეთ კონკურსი იმიტომ, რომ ერთის კაცის გადაწყვეტილებაზე აიგო ყველაფერი. სოსო ჭუმბურიძეს უნდოდა, პოეზიაში გაემარჯვა ნინიკო მშვიდობაძეს, რასაც ძალიან შევეწინააღმდეგეთ, რადგან კონკურსის მიღმა რჩებოდნენ ღირსეული ადამიანები. დაჯილდოებამდე ვიგებთ, რომ დააწესეს ნინიკო მშვიდობაძისთვის განსაკუთრებული პრიზი, ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ამით საერთოდ დასამარდა „მაჩაბელი“. მე ვმუშაობ გორის უნივერსიტეტში, რომც საერთოდ გამიშვან სამსახურიდან, მე მაქვს ჩემი ღირსება და ამ ღირსებას ვერ გადავლახავ.“ – ამბობს თამარ გელიტაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
თამარ გელიტაშვილთან ერთად კონკურსის დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად ჟიურის კიდევ ორმა წევრმა – ნინია სადღობელაშვილმა და თათია მთვარელიძემაც დატოვეს.
ჟიურის პროტესტს ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ნინიკო მშვიდობაძე 2021 წლიდან დღემდე ლანჩხუთის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციაში მოადგილის პოზიციას იკავებს.
„ეი თქვენ მანდ, ორ სკამზე მჯდომარეთა კასტავ, „მაჩაბლის“ საკმაოდ პრესტიჟულ ლიტერატურულ კონკურსს თქვენი პროტესტით არაფერი დააკლდება, აი, გორის უნივერსიტეტიდან კი რაც მალე წავა გოიმი „ლექტორი“, მით უკეთესი უნივერსიტეტისთვის. ჟურნალი „ცისკარიც“ უნდა დატოვოს ახლა თამარ გელიტაშვილმა, რადგან ეს ჟურნალი სამინისტროსგან ფინანსდება. ნინია სადღობელაშვილმა ხელისუფლებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ყველა კონკურსის ჟიურის წევრობაზე უნდა თქვას უარი, უარი უნდა უთხრას სამინისტროს თავისი პიესების დადგმის ხელშეწყობისთვის. ზუსტად ასევე უნდა თქვას უარი პრემია „ანაზე“ მარიამ წიკლაურმა“. – წერს მშვიდობაძე სოციალურ ქსელში.
ჟიურის წევრთა პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სოსო ჭუმბურიძეც მისი თქმით, „სპეციალური პრიზი“ დამფუძნებლის უფლება იყო და ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს.
„მაჩაბლის“ დამფუძნებლის პრიზი – პირველად გაიცა წელს?
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ლიტერატურული პრემია „მაჩაბლის“ დამფუძნებელ გიორგი სოსიაშვილს. გიორგი სოსიაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატია.
„მაჩაბლის“ პრემიას 2020 წელს ჩაეყარა საფუძველი და წელს მეოთხედ გაიმართა. კონკურსის შესახებ, საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წინა წლებში დამფუძნებლის პრიზი არ გაცემულა და წელს ის პირველად გაიცა.
გიორგი სოსიაშვილმა გვითხრა, რომ დამფუძნებლის პრიზი წინა წლებშიც გაიცემოდა და ინფორმაციის მოსაძიებლად კონკურსის საინფორმაციო კოორდინატორთან გადაგვამისამართა.
ქეთი ჯოლბორდის თქმით, დამფუძნებლის პრიზი წინა წელს გაიცა და ის პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა მიიღო, თუმცა პრემიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მანანა ჩიტიშვილს შარშან „ჟიურის რჩეულის პრემია“ გადაეცა და არა დამფუძნებლის.
ქეთი ჯოლბორდს პრემიის გვერდზე 2023 წლის დაჯილდოების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შევახსენეთ და ვკითხეთ:
ჟურნალისტი: 2023 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ მანანა ჩიტიშვილმა ჟიურის რჩეულის პრემია მიიღო. მაგრამ ახლა თქვენ ამბობთ, რომ მანანა ჩიტიშვილმა დამფუძნებლის პრიზი მიიღო. ეს კონკურსის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. კონკურსზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, დამფუძნებლის პრიზი წელს პირველად გაიცა. ასეა?
ქეთი ჯოლბორდი: მიიღეთ პასუხი? თუ პასუხი გაქვთ რაღას მეკითხებით ?!“
ქეთი ჯოლბორდს კონკურსის წესდებაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, კონკურსის წესდება არ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში გასცემს დამფუძნებელი პრემიას. „ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა“ ჟიური კი სარგებლობს დებულებით.