ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია 19 სექტემბერს „შატო მუხრანში“ გაიმართა. გამარჯვებული წელს 12 ნომინაციაში გამოცხადდა. მათ შორის არიან:
- ნომინაციაში „მკითხველის „საბა“:
გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი);
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი);
- წლის საუკეთესო პიესა:
ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge);
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი);
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი);
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:
დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა);
გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი);
- ერთობლივი ჯილდო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში:
ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი);
ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი);
ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელს, ელზა ახვლედიანს.
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L);
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი);
ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი);
- წლის საუკეთესო რომანი:
ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი);
ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა);
ივა ფეზუაშვილმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს ხვალ პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად იგეგმება.
„ძალიან მინდა გთხოვოთ, არ ვიცი ამისი უფლება რამდენად მაქვს ლიტერატურულ პრემიაზე, მაგრამ ხვალ 20 სექტემბერს 18:00 საათზე პარლამენტთან არის აქცია ხელოვნების გაერთიანებული სფეროების და მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მოხვიდეთ. კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია, ოღონდ მას დაცვა სჭირდება“, – თქვა ივა ფეზუაშვილმა.
ასევე წელს საბას სპეციალური ჯილდო თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გადაეცა „მწერალთა სახლის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა ლომოურს.
„მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ დავით სარაჯიშვილის მემკვიდრეობის შენარჩუნება და ხელშეწყობა. იმიტომ, რომ დავით სარაჯიშვილმა იცხოვრა და იღვაწა ისეთი საქართველოსთვის, როგორიც ჩვენ ყველას დღეს ძალიან გვინდა. ეს იყო განათლებული, მშრომელი, ღირსეული და ევროპული საქართველო. ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ ზუსტად და მე ვფიქრობ, იმედი მაქვს, ასეთი ქვეყნის შენებისთვის პატარა აგური დავდეთ.
მე მგონია, რომ ეს გუნდი კიდევ იტყვის თავის სათქმელს, ქართული ლიტერატურისა და კულტურის საკეთილდღეოდ და რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურა და კულტურა უნდა იყოს თავისუფალი და მოუთვინიერებელი“, – თქვა ნატა ლომოურმა დაჯილდოების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
ნატა ლომოურს კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების უფლება არ მისცა.
მისი თქმით, 2 აგვისტოს კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უფლებამოსილების 4-წლიანი ვადის გასვლის შესახებ აცნობეს. ნატა ლომოურმა 2 აგვისტოსვე მიმართა მინისტრს და აცნობა, რომ დაინტერესებულია ვადის გაგრძელებით, თუმცა მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო.
10 აგვისტოს კი კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მწერალთა სახლს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებდა.