ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

პუბლიკა

ლიტერატურული პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

პრემიის დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ასევე, „საბას“ და სხვადასხვა გამოცემის Facebook გვერდებზე.

„საბას“ ცნობით, წელს განსაკუთრებული სიახლეა – ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  • საუკეთესო რომანი
  • საუკეთესო პოეტური კრებული
  • საუკეთესო პროზაული კრებული
  • საუკეთესო პიესა
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს.