„ლიტერაზე” ფიასკოთი აღშფოთებული მინისტრი და მისი მრჩეველი დაირაზმნენ | კვარაცხელია

პუბლიკა

გამომცემლობა „ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია კულტურის სამინისტროს შურისძიებაში ადანაშაულებს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ  „ინტელექტმა“ კულტურის სამინისტროს კონკურსზე – „ახალი ქართული წიგნი“ წარადგინა ვახტანგ ჯავახაძის პოეტური კრებული – „თურმეობითი“ და დავით წერედიანის გამოუქვეყნებელი წერილების/ლიტერატურული პორტრეტების წიგნი – „თვალი თვალში”, თუმცა, მისივე თქმით, კონკურსით მხარდაჭერილ პროექტებს შორის „ინტელექტის“ არც ერთი წიგნი არ მოხვდა.

კვარაცხელია წერს, რომ გადაწყვეტილებაში „ინტელექტზე”, ვახტანგ ჯავახაძესა და მასზე შურისძიების მოტივს ხედავს.

„გუშინ, საღამოს გამოქვეყნდა მხარდაჭერილი პროექტების სია და „ინტელექტის” არც ერთი წიგნი არაა მათ შორის. ახლა ვიცი, მიპასუხებენ, კომისიის გადაწყვეტილება იყო ასეთიო. დავიჯერებდი, „ინტელექტზე”, ვახტანგ ჯავახაძეზე და ჩემზე შურისძიების მდაბალი მოტივი რომ არ ჩანდეს ამის მიღმა ძალიან აშკარად.

ეჭვგარეშეა, „ლიტერაზე” ფიასკოთი აღშფოთებული მინისტრი და მისი მრჩეველი დაირაზმნენ, ამას დაერთო მრჩეველ იოზეფ ჭ.-ს დიდი ხნის მტრობა დავით წერედიანის მიმართ და იოლად გამოსაცნობია, რა სურათიც მივიღეთ.

იმდენი და იმაზე ბევრად მეტი შეგვიძლია, ამ ორი უმნიშვნელოვანესი წიგნის გამოცემას და პოპულარიზაციას რაც სჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ – ხომ კარგად გამოჩნდა, ვის უნდა კონფრონტაცია და ნამდვილი ლიტერატურის პირადი მიზნებით იგნორირება?! კულტურის სამინისტრო მერამდენედ უნდა გაეხვეს ამ ეგოცენტრულ თამაშში?!“, – წერს კვარაცხელია.

„პუბლიკა“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა ზვიად კვარაცხელიას ბრალდებაზე მათი პოზიციის მოსასმენად. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულების სია გუშინ, 7 ოქტომბერს სამინისტროს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა. 

კონკურსში 11-მა პროექტმა გაიმარჯვა. მათ შორისაა: გამომცემლობა „მერიდიანის“, „საარის“, „კაბადონი+-ის“, „დიოგენეს“, „კალიგრაფის“, „საქართველოს მაცნეს“, „ქეისიესის“, „მერანისა“ და „არტანუჯის“ პროექტები.


ვახტანგ ჯავახაძე და კონკურსი „ლიტერა“

კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს ჩაიშალა. მიზეზი გახდა ის, რომ კონკურსი ათობით კონკურსანტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ შორის იყო ვახტანგ ჯავახაძეც. გამომცემლობა „ინტელექტმა“ კონკურსიდან მისი ყველა წიგნი მოხსნა.

კონკურსანტების პროტესტი კონკურსის ჟიურიში კულტურის სამინისტროს მიერ იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნას მოჰყვა.

მწერლების, ლიტერატორებისა და გამომცემლობების შეფასებით, ჟიურიში სამინისტროს მიერ დანიშნული პირი კონკურსის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს და სამინისტროს ძალაუფლებას ამყარებს.

შედეგად, 5 აგვისტოს მწერალთა სახლმა გამოაცხადა, რომ „ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021“ ვეღარ გაიმართება.