„ლობისტური საქმიანობის შედეგი" | „ნაღმზე აფეთქება" - შეფასებები კონგრესის კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი ჯერ კანონად არ ქცეულა და საზოგადოებას არწმუნებს, რომ არც იქცევა. ზალკალიანი ამბობს, რომ ოპონენტები, ლობისტური საქმიანობით ცდილობენ, კანონპროექტში ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს.

„იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნების მიერ კავშირების დამყარების შემთხვევაში მათზე სანქციების დაწესებასთან და ოპონენტები ცდილობენ, გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გამოეხმაურნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი კი შეადგინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შტატების კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო.

„ერთმა ჯგუფმა კონგრესმენების შეიტანა რეზოლუცია, მაგრამ სიცრუეა ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა. მითუმეტეს, კონგრესსაც არ მიუღია ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ სერიოზულია და გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა ასული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რასაც აშშ გვიწევს, მათ შორის კონგრესმენების გადაწყვეტილებების საფუძველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ შტატები საქართველოს პარტნიორია, რომელსაც ძლიერი საქართველო სურს. როგორც სესიაშვილი ამბობს, კანონპროექტში ცვლილება არ შესულა და ეს იყო კონგრესმენის ინიციატივა, რაც ვერ განხორციელდა.

„ცხადია, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ცალკეული კონგრესმენების სურვილი, მათ შორის დაფუძნებული ლობიზმზე, მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მხრიდან. მესმის, რომ შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ძლიერი და ისეთი საქართველო სურთ, რომელიც მკაფიო და ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. ის, რომ „ფრონტერას“ კონკრეტული კონგრესმენები ლობირებენ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ის, რომ ქართული მხარე ითხოვს „ფრონტერასგან“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვებას, რამდენადაც სახელმწიფო არის მართალი, ამაზე კომპანია არ თანხმდება. როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე კონგრესი დაამტკიცებს ასიგნებათა კომიტეტის შეთავაზებას.

„გაიყინება დახმარების ნაწილი და სანქცია დაეკისრება ქვეყანას, თუმცა, რას გააკეთებს კონგრესი მომავალში, დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უახლოეს თვეებში.

ცხადი ხდება, რომ ივანიშვილი მზად არის, ჩვენი ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლურ მომავალს და ამავე დროს ქართველი ხალხი, რომელიც უკვე უკიდურესად გააღატაკა გასული 8 წლის განმავლობაში და წაართვა ჩვენს ქვეყანას მომავალი მისმა კორუმპირებულმა რეჟიმმა, მზად არის, ქართველ ხალხს დაუკარგოს მთავარი იმედი, რაც დღეს გვჭირდება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, რომელშიც ქვეყანა არის შესული და ეს არის ჩვენი მეგობრების დახმარება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის მსგავსად, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც ფიქრობს, რომ კონგრესი და სენატი მიიღებს საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ახალ შესწორებულ დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ ძალისხმევა კი, ლობისტებისტური კომპანიების დახმარებით კონგრესისთვის აზრი შეეცვალა, უშედეგო გამოდგა.

„„ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პრობლემურ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა. ეგონათ, რომ ფულით კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ. ერთადერთი გზა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმ სანქციებს აგვარიდებს, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტში, არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მხრიდან მომდინარეობს. დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფიდან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისათვის“, – მიმართა ვაშაძემ მმართველ გუნდს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული სანქციები და განმარტებითი დოკუმენტი, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის „კოშმარია“.

„ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები, ყველაზე ახლო მეგობრები უკვე ვერბალურ კრიტიკას გასცდნენ და გადავიდნენ კონკრეტულ დოკუმენტებზე, სანქციების მუქარაზე, პირობებზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ნაღმი ნაღმზე უფეთქდება „ქართულ ოცნებას“.

ასეთი ტიპის ჩანაწერი კონგრესის რეზოლუციაში და ეს განმარტება, რომელიც არანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას აღარ ტოვებს და სრულიად ნათელია, რომ რითაც შეშფოთებულები არიან, სხვა, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებთან ერთად, არის ოლიგარქიული მმართველობაც“,- აცხადებს სერგი კაპანაძე.


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა კონგრესში საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით 135 025 000 დოლარია განსაზღვრული, თუმცა ფინანსური დახმარების შესახებ დოკუმენტში თანდართულია წინაპირობა – ამ დახმარების 15% შესაძლოა შემცირდეს იქამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.

ამ კანონპროექტს განმარტებითი დოკუმენტი დაერთო, რომელშიც დახმარების ნაწილის შეჩერების კიდევ ერთი წინაპირობა ოლიგარქების მხრიდან სახელისუფლებო პროცესებზე არაფორმალური გავლენების აღკვეთაა.

განმარტებით ბარათში გაწერილია, თუ რას უნდა მიექცეს სახელმწიფო მდივნის მხრიდან ყურადღება, რათა დადგინდეს, რომ  საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის.

სახელმწიფო მდივანმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად ქმედითია საქართველოს ხელისუფლება შემდეგი მიმართულებებით:

„1) საარჩევნო რეფორმის ეფექტურად გატარება;

2) სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან.

3) შესაბამისი პოლიტიკის გატარება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განსამტკიცებლად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის ჩათვლით.

4) სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების, ასევე მედიის დამოუკიდებლობის დაცვა.

5) ოლიგარქების მხრიდან სახელისუფლებო ფუნქციებზე, ასევე კანონმდებლობისა და რეგულაციების მიტაცების პროცესებზე არაფორმალური გავლენების აღკვეთა”, – წერია დოკუმენტში.