საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა ჟურნალისტს კითხვაზე, რას ფიქრობს ის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოზე, განაცხადა, რომ ეს კარგი ჟესტია, თუმცა ისინი არა ფულისთვის, არამედ ქვეყნისთვის თამაშობენ.
„არ მგონია, რომ საქმე ფულშია ჩვენთვის. არ მგონია, რომ ვინმე ფულზე ფიქრობს. რაც [ყოფილმა] პრემიერ-მინისტრმა თქვა, ცხადია, კარგი ჟესტია, თუმცა ჩვენ არა ფულისთვის, არამედ, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს მივაღწიოთ და არა ფული. მგონია, რომ ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს“, – თქვა მან.
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონ ლარს დაჰპირდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ივნისს განაცხადა, რომ ივანიშვილმა ნაკრებს ეს ფული უკვე გადასცა.
ივანიშვილის დაპირება ასევე ითვალისწინებს ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველ მომდევნო ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში დამატებით 30 მილიონს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ზოგადად ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის.
უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას“.
პრემიერმა მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ ნაკრებისთვის დაწესებულ ჯილდოზე დღეს, 29 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისასაც ისაუბრა.