„ლომეკი": ვაჩერებთ საქმიანობას, ჩვენ არ დავრეგისტრირდებით

პუბლიკა

ორგანიზაცია „ლომეკი” აცხადებს, რომ არ აპირებს რუსული კანონის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას, შესაბამისად, საქმიანობას აჩერებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირსება და ამ ქვეყნისა და ხევის კულტურული და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. „ლომეკი” ამას აკეთებდა წლების განმავლობაში სრულიად უანგაროდ და ახლაც გავაგრძელებთ, როგორც საინიციატივო ჯგუფი”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ლომეკი” წერს, რომ გუნდის წევრები მათივე რესურსებით მუდამ ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. სხვადასხვა საკითხის ადვოკატირებას, ინფრასტრუქტურული თუ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და ეს არაერთხელ წარმატებითაც შეძლეს.

„გასულ და მიმდინარე წელსაც USAID-ისა და „ევროპა ნოსტრას” დაფინანსებით განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მეტი შესაძლებლობა იყო და არის, რათა გადაიდგას უფრო ქმედითი ნაბიჯები, როგორც თრუსოს ხეობის პირველადი სახით შენარჩუნებისათვის, ასევე ცალკეულ ძეგლთა დაცვისა და კვლევის გზაზე.

ჩვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია სახელმწიფოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავების გზაზე. თუმცა, ე.წ. რუსული კანონის გამო, ეს პროცესიც შეჩერებულია, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია, დააფინანსოს მსგავსი პროექტები და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა დონორი ორგანიზაციების ხელის შეშლისათვის. თუმცა, მისივე დაფუძნებული ააიპები ახლაც აგრძელებენ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებას, რომელიც ძირითადად სახელფასო დანამატია და არა რაიმე საერთო სიკეთისთვის დახარჯული თანხა.

ამჟამად ლომეკი აგრძელებს თრუსოს ხეობის ძეგლთა ინვენტარიზაციის პროექტს, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე დავასრულებთ.

ცნობისთვის, ეს საქმეც, როგორც ძეგლთა დაცვა და მოვლა-პატრონობა, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა აქაც, როგორც სხვა არაერთ სფეროში, მისი შესრულებაც სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო თავის თავზე.

ლომეკი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით არასასურველი და დევნის ობიექტი გახდა კამარა ჰესის მშენებლობის ხელისშემშლელი კამპანიის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიერ გასაჯაროვდა მათი არაერთი უმსგავსო საქციელი.

იურიდიული სტატუსის შეჩერება და სოლიდური ჯარიმა ვერ გახდება ჩვენთვის ხელისშემშლელი და ეს თავადაც კარგად იციან”, – აცხადებს ლომეკი.