ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს სცდება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, არღვევს კონსტიტუციას.
„დღეს პრემიერმინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ ნებისმიერი კამპანია არ ქმედება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება – და მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ ეს კამპანია საზოგადოებაში აღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით – მან მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები ეს არის პოლიტიკური საქმიანობა და ამის გამო დაუწესა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს არჩევანი გახდეს ევროკავშირის წევრი ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლით გარანტირებული, გაცხადებული ქართველი ხალხის ნება, შესაბამისად, პრემიერმინისტრის მართული ანტიკორუფციული ბიურო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ამ ნებას ვერ შეცვლის”, – აღნიშნავს ლომჯარია.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.
ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთების მიხედვით, ეს ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს და ატარებენ ღონისძიებებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ „ქართული ოცნება”.
სააპელაციო სასამართლოს 17 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „გამოკვეთილია მოძრაობის პოლიტიკური მიზანი, მოძრაობის წევრთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მიღმა, ექცევა ზემოთ მითითებული კანონის რეგულირების სფეროში“.