„დანაშაულის შეუტყობინებლობა – ასეთი ცნება არ ვრცელდება სახალხო დამცველზე. სახალხო დამცველი არის გამონაკლისი და მას აქვს სრული დისკრეცია, მიიღოს გადაწყვეტილება, ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა, როგორც სახალხო დამცველისთვის, გაანდოს თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს“, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში პენიტენციური დაწესებულებების შესახებ პროკურატურაში გადაგზავნა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ლომჯარიას თქმით, ვერავინ სახალხო დამცველს პასუხის ვერ მოსთხოვს, რატომ არ მიაწოდა სამართალდამცველებს ესა თუ ის ინფორმაცია.
„ეს შესაძლოა განპირობებულია იმით, რომ გარკვეული ვადის გასვლას ველოდებით ან იმის გამო , რომ არ გვინდა, ეჭვი აიღონ კონკრეტულ პირებზე, იმისთვის, რომ ამ პატიმრების უსაფრთხოება არ დადგეს კითხვის ქვეშ და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ინდივიდუალური რისკების შეფასების შემგედ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მივმართავთ მყისიერად, არ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს თუ როგორ ვიქცევით“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილი არ აქვს [დაინტერესების შემთხვევში, რა სახის ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას]. „თუმცა ვისაუბრებთ, გავაანალიზებთ, და მივიღებთ გადაწყვტილებას, რა დოზით შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდაცავ ორგანოებს“.
„თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რასაც განსაკუთრებული გამოძიება სჭირდება, ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გამოძიებასაც. თავად ციხის ადმინისტრაციამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, და ცოტათი არასერიოზული მეჩვენება, სახალხო დამცველზე იმ აქცენტის გადმოტანა, რომ თითქოს ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინ არიან ეს ადამიანები. მათგან არის დელეგირებული ამ ადამიანებზე კონტროლის და არაფორმალური მმართველობის მექანიზმები და შესაბამაისად ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები“, – ამბობს ლომჯარია.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას პატიმრებს მიმართა და აღუთქვა, რომ კონფიდენციალობის იმედი ბოლომდე ჰქონდეთ.
„მინდა, ჰქონდეს ყველა პატიმარს განცდა უსაფრთხოებისა და შეგრძნება იმისა, რომ თუკი ის გვაწოდებს ძალიან კონფიდენციალურ ინფორმაციას, მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, ის რჩება ჩვენთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტისა და მონიტორინგის შედეგებზე პროკურატურაში გადაგზავნა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, – ამის შესახებ მან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ანგარიშს უსმენენ.
„მე არ უნდა მიწევდეს თქვენ მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა, თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად; მე ეს ანგარიში გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება, იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომ ფლობთ [ინფორმაციას] დანაშაულებზე, რომელიც ამ დაწესებულებებში მიმდინარეობს, და არ გსურთ, ალბათ, რომ თქვათ გვარები“, – განაცხადა წულუკიანმა.