„ამბობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენება ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა“ - ლომჯარია მელიაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მე-12 პენიტენციალურ დაწესებულებაში ნიკა მელიას შეხვდა. ლომჯარიას განცხადებით, ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ციხეში დამაკმაყოფილებელია. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ნიკა მელიას განცხადებით, მის მიმართ არ გამოუყენებიათ ძალა და არ მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა.

„გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან. ის დაკავების შემდეგ გადაყვანილი იყო შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში. შემდეგ იქიდან წამოიყვანეს პირდაპირ მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი. ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები ამ დროისთვის. თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, რომ ის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა“, – განახცადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ნიკა მელიას საკანში არ აქვს ტელევიზორი და ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს საკითხი მოგვარდება.

„ერთადერთი მოთხოვნა აქვს ის, რომ მის საკანში არ არის ტელევიზორი. ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი მოგვარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


23 თებერვალს, დილით პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებისგან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.