ლომჯარია პრეზიდენტზე: რატომ არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც EU-ს მოთხოვნების შესრულებად ჩაითვლებოდა?!

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ შეკითხვები თავად პრეზიდენტთანაც აქვს. ომბუდსმენის თქმით, პრეზიდენტს შეეძლო ვეტო დაედო იმ კანონებისთვის, რომლებიც 14 ივნისს ბრიფინგზე გააკრიტიკა და ასევე შეეძლო გამოეყენებინა შეწყალების უფლება.

„იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს. მაგალითად, მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმებისა და იმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირისა და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის წინაშე. თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან რადგან თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რომელთა მიღებაც იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და მე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, რატომღაც მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს, ამიტომ მე მაქვს მასთანაც შეკითხვები – მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად, რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც აქვს და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, რომ თუკი მას აქვს პრეტენზიები მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.