ლომჯარია: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, მკვეთრად გაუარესებულია

პუბლიკა

„ვივამედის“ კლინიკაში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ  განაცხადა, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ომბუდსმენის ინფორმაციით, როგორც ექიმებმა თქვეს, სააკაშვილი სულ წევს და არ გადაადგილდება.

„მიხეილ სააკაშვილს, დაახლოებით, 10 წუთით ვესაუბრე, მას უჭირს და უფრო დიდხანს არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა ერთი შეხედვით და საუბრითაც, მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან გორის ჰოსპიტალში. ვიზუალურად განსხვავება თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, მკვეთრად გაუარესებულია, გარეგნულადაც ეტყობა.

ძალიან მკვეთრად დაიკლო წონაში და პრაქტიკულად, სულ წევს. როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, არ ჯდება.

განსაკუთრებით, როგორც ექიმი ამბობს, გართულდა და ოქტომბრის დასაწყისიდან დინამიკაში უკუსვლაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. როგორც ექიმი ამბობს, ამას უკავშირებს იმ შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. ემოციურ ფონზე მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა. ცუდად იკვებება, ცოტას ჭამს, არასაკმარისად“, – განაცხადა მას.

მისივე თქმით, ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ექნება საქმეზე რეკომენდაცია.

„შუამდგომლობა, ალბათ, დამოკიდებული იქნება ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ვიცი, რომ მრავალმხრივი იქნება და ამის შემდეგ, ალბათ, ჩვენც გვექნება რეკომენდაცია“, – განაცხადა მან.

15:00-ზე საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს ამ პროცესზე დასწრება სურს, რაც მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში პროცესებს, მე-7 თვეა, ვერ ესწრება.