საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეშფოთებულია 2021 წლის 27 ოქტომბერს უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვასთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტით.
დღეს უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ჰქონდა პრობლემები საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის თქმით, მას საზღვარზე 40 წუთი განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს საქართველოში ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით.
„უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით.
მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.
მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას.