არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა” საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიებზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია.
ნინო ლომჯარიას თქმით, მოქალაქეები პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს 20-მდე უწყებიდან:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოდან, თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან;
ლომჯარიასვე თქმით, გათავისუფლებებს საფუძვლად უდევს რამდენიმე ფაქტორი:
„სამსახურებიდან დაითხოვეს ის საჯარო მოსამსახურეები რომლებმაც:
ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა;
მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში;
საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგებბის მიმართ”. – თქვა ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, გათავისუფლების ინსტრუმენტად გამოიყენება რეორგანიზაცია, ხელშეკრულების არგაგრძელება და საჯარო მოხელის შეფასების სისტემა.
„დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათი მოსაზრებების გამო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების, მიზანმიმართულად დაბალი შეფასების მიღების ან სხვაგვარი შევიწროვების ფაქტების შესახებ დაიწყეს საჯაროდ საუბარი. გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია”. – განაცხადა ლომჯარიამ.
მან ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის მუქარებს იმ მოხელეების მიმართ, რომლებმაც დაგმეს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, 3 დეკემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე ,,სათანადო რეაგირებით” დაემუქრა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე საპროტესტო განცხადებას მოაწერეს ხელი.
ხოლო თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ კრიტიკულ პეტიციას „სახელმწიფო გადატრიალების და უწყებების ჩამოშლის მცდელობა” უწოდა და დაიმუქრა, რომ საბოტაჟის მცდელობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.
ლომჯარია აღნიშნავს, რომ „აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს დევნას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით”.
ლომჯარიას განცხადებით, მერიაში მოქალაქეების რეპრესიებში ჩართულები არიან: მერი კახა კალაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე, ჯანდაცვისა და სოც მომსახურების სამსახურის უფროსი გიორგი ჩივიაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს დირექტორი ეკა ჯოჯუა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო, პრესსამსახური მანანა თოქმაჯიშვილი.
„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებს თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან საზოგადოებას და მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას. ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების დოკუმენტირებას და მიმდინარე სახელმწიფო ტერორის შესახებ მტკიცებულებების საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.
ასევე, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ, ან შევიწროებულ მოხელეებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას და სასამართლო წარმომადგენლობას”.- ამბობს ლომჯარია და უთითებს ცხელი ხაზის ნომერი: 599 948 671.
ლომჯარიას განცხადებებსა და უწყებიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ ყოფენ”.
„როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წევრი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით მისი გაშვების სურვილი რომ გვქონოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. საზოგადოებას არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ და მითუმეტეს თანამშრომლებს. ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. როცა ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას – ან ვაგრძელებთ, ან – არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურის ხელმძღვანელებმა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.