კოალიცია „ჩემი ხმის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ლონდა თოლორაია არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსმართლის წინაშე გამოიკითხა.
გამოძიებას პროკურატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე აწარმოებს.
ლონდა თოლორაიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას.
მისი თქმით, მან მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
„ვისაუბრე იმაზე, რაზეც ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ. მტკიცებულებებია ასობით საჩივარი ცესკოში, ასობით ფოტო- და ვიდეოფაილი, რომელიც გვაქვს ვებგვერდზე განთავსებული, მტკიცებულებებია დამკვირვებლების მოწოდებული ინფორმაცია. ნების არსებობის შემთხვევაში არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
დღესვე გამოიკითხება გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმაც უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე.