სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა.
ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ავრცელებს.
გამართულ შეხვედრას ასევე ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუს მასკიევიჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, საბერძნეთის ელჩის მოადგილე გიორგოს პაპანიკოლაუ, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ისპას დრაგოში, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა იორიო, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი პეეტერ პალსი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდების უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით.
მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს ,,რეფორმა“ არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის“ – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ შეხვედრაზე.
არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმა კანონში ცვლილებებზე მსჯელობა გააგრძელა და დღეს სამმა კომიტეტმა მოიწონა პირველი მოსმენით კანონში ცვლილებები.