ლონდონში უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გადაიდო

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპელი საგარეო მინისტრების სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა შეხვედრა  ჩანაცვლდება ოფიციალური პირების დახურული შეხვედრებით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის შეხვედრას არ დაესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. სახელმწიფო დეპარტამენტმა მიზეზად „ლოჯისტიკური პრობლემები“ დაასახელა.

ასევე, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს.

„სალაპარაკო არაფერია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას“, – თქვა ზელენსკიმ.

რუბიოს განცხადებით, „დიდ ბრიტანეთში ვიზიტს უახლოეს თვეებში თავიდან დაგეგმავს“.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის წინადადება ომის დასრულებაზე უკრაინისგან ყირიმის აღიარებას და მისი NATO-ში გაწევრების დაბლოკვას მოითხოვდა.

გამოცემა WSJ-ის ცნობით, ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის იდეები უკრაინაში ომის დასრულებაზე კონფიდენციალურ დოკუმენტში იყო თავმოყრილი, რომელიც უკრაინის წარმომადგენლებს გასულ კვირას, პარიზში წარედგინათ.