ლორდი მაიკ ჯერმანი: ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი

პუბლიკა

გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ლორდი მაიკ ჯერმანი, რომელიც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, „რადიო თავისუფლებასთან” ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

„ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლებითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული.

ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი, ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს.

რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობას მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება“, – განაცხადა ბარონმა ჯერმანმა.

„რადიო თავისუფლება“ ლორდთა პალატის კიდევ ერთ წევრს, ლორდ დონ ტუიგს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ „ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს”.

„ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას.

ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ.

მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ“, – განაცხადა ლორდმა ტუიგმა.


გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილია წინადადება, რომლითაც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

დოკუმენტს, რომლის წარდგენის ინიციატორი ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკლირი იყო, 31 იანვრის მონაცემებით, 25 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:

„პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო;

გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ;

მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციას; ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია.

ორგანიზაციის ცნობით, „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები)“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებსა და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.


16 იანვარს „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იხსენიებს ივანიშვილის კონსპირაციას გლობალური ომის პარტიის შესახებ და წუხლის გამოთქვამს იმაზე, რომ ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია“.

„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა. […]

სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს”, – ნათქვამია განცხადებაში.