ლოს-ანჯელესში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. CNN-ის ცნობით, ცეცხლს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.
CNN წერს, რომ ეს ყველაზე ძლიერი ხანძარია ლოს-ანჯელესის ისტორიაში. ცეცხლი მალიბუსა და სანტა მონიკას შორის ზღვისპირა ზონაში, დაახლოებით, 15 800 აკრზეა გავრცელებული. განადგურებულია, მინიმუმ, 1 000 შენობა.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის 7 კერის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
კალიფორნიის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშაბათიდან მოყოლებული მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა ძლიერი ქარი და დაბალი ტენიანობა რთულ პირობებს ქმნის.
კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის თანახმად, ხანძარი გავრცელებულია იტონში, ჰარსტში, ლიდიაში, სანსეტში, Palisades-ში, ვუდლში, ოლივესში.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიწვა ჰოლივუდის ვარსკვლავების მრავალმილიონიანი ქონებაც.
დაზარალებულთა შორის არიან ლეიტონ მისტერი და ადამ ბროდი, ბილი კრისტალი, პარის ჰილტონი, ჯეიმს ვუდსი, მაილს ტელერი და კელეი სპერი, ქამერონ მეთისონი, კომპოზიტორი დაიან უორენი.
BBC წერს, რომ Palisades-ში სახლები აქვთ ჯენიფერ ენისტონს, ბრედლი კუპერს, ტომ ჰენკსს, რიზ უიზერსპუნს, ადამ სენდლერს, მაიკლ კიტონს. მათივე ინფორმაციით, ევაკუაცია მოუწიათ „სტარ ვარსის“ მსახიობ მარკ ჰამილს და „შითს ქრიქის“ მსახიობ იუჯინ ლევის.