ე.წ. ლოტკინის დასახლებაში ნადირაძეების ოჯახს ასახლებენ

პუბლიკა

ლოტკინის დასახლებაში საცხოვრებელი სახლიდან ნადირაძეების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს. აღსრულების პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც იმყოფებიან. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციამ ხელბორკილები დაადო და პატრულის მანქანაში ჩასვა პოლიტიკოსი კახა კუკავა, რომელიც გამოსახლებას აპროტესტებდა.

როგორც „პუბლიკას” აღსრულების ბიუროში განუცხადეს, საქმე ბიუროში 2019 წელს, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შევიდა. მათივე განმარტებით, გამოსახლება უკვე რამდენიმე წელია სასამართლოს ნებართვის გარეშე აკრძალულია.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, ამიტომ აღსრულების ბიურო ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„სამწუხაროდ ამ სამი წლის განმავლობაში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად ჩვენი აქტიური ჩართულობისა. ფაქტობრივად, 3 წელი ჰქონდათ მხარეებს ამ საკითხის მოგვარების. რადგან შეთანხმება ვერ შედგა, აღსრულების პოლიცია ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება… შესაბამისად, აღსრულების პოლიცია, კანონის ფარგლებში იძულებით განახორციელებს იმას, რაც დაადგინა და გადაწყვიტა სასამართლომ. ამ წუთებისთვის გამოსვლების პროცესი მიმდინარეობს და დასრულდება”, – ამბობენ უწყებაში.

ბიუროში აცხადებენ იმასაც, რომ მოვალე ოჯახს დამატებით ჰყავს მოგირავნეები და კრედიტორი მათ მისცემს გარკვეულ გონივრულ ვადას, რომ მოგირავნეებმა ნებაყოფლობით დაცალონ ფართი და გადავიდნენ სხვაგან. ამისთვის მათ მიეცემათ დამატებით რამდენიმე დღე.