უკრაინული გამოცემა – UNIAN წერს, რომ ლუგანსკის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ფოსფორის ბომბები გამოიყენეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
გამოცემა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებას ეყრდნობა.
გამოცემის ცნობით, წუხელ რუსი სამხედროები ლუგანსკის რაიონს რაკეტებსა და ფოსფორის ბომბებს ესროდნენ. დაღუპულია 4 ადამიანი. მათ შორის, სერგეი გაიდაის თქმით, 2 ბავშვია.
„დადასტურებული ინფორმაციით, გვყავს ოთხი დაღუპული, ორი ბავშვი, ექვსი დაჭრილი. რუსები აგონიაში არიან, მიზნებს ვერ აღწევენ, ამიტომ დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება. ფოსფორის ბომბების ჩამოყრა. ამიტომ, სამწუხაროდ, რიცხვი, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს“, – განაცხადა გაიდაიმ.
UNIAN წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაზარალდნენ სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნეს, კრემინას, ნოვოდრუჟესკისა და ვოევოდივკას მოსახლეობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რუბიჟნეში. იქ ბრძოლები ქალაქის შუაგულში გრძელდება.