საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
„ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.
დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ლუგარის ცენტრის მანამდელი სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.
ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.
სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.
მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობასა და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში.
მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას 17 აპრილის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის ამბობდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია, ამავე ბრალდებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც იმეორებს.
რუსეთის მაღალჩინოსნები მსგავს დეზინფორმაციას პირველად არ ავრცელებენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიები არაერთხელ გაუკრიტიკებია.