ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის ცნობით, ის სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
„საქართველოს პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ადვოკატის პოზიციით, „საქმეზე სიმართლე არის სხვა და არა ის სიბინძურეები, რაც ვრცელდება“.
„ამ ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანის სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს და ქვეყნის სახელი და დიდება გაჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. მზად ვართ, ამ გულშემატკივრებს და ქართულ საზოგადოებას დავუმტკიცოთ სიმართლე. სიმართლე არის სხვა და არა ის სიბინძურეები, რაც ვრცელდება ამ საქმეზე“, – ამბობს ადვოკატი ივანე მეფარიშვილი.
ლუკა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. მედიით დაპირისპირების ვიდეოკადრებიც გავრცელდა.