სპეციალური საგამოძიებო სამსახური თსუ-ს სტუდენტის, ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შველიძე უწყებაში გამოკითხვაზე 20 ივნისს გამოცხადდება.
„2023 წლის 18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო.
კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს – ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა.
2023 წლის 18 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც, მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს, რა დროსაც კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება”, – წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ლუკა შველიძე ერთ-ერთი სტუდენტია, რომელსაც 17 ივნისს, თსუ-ში საპროტესტო ბანერების გაშლის გამო დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების დროს, შველიძე კიბიდან დაგორდა, რის გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისივე ინფორმაციით, მასთან ორი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მივიდა, რომლებიც იყვნენ ნასვამები და ერთ-ერთს ჰქონდა იარაღი.
„პუბლიკას“ წყარომ უთხრა, რომ იარაღიანი პირი სამართალდამცველი იყო, რომელიც კლინიკაში დაშავებული სტუდენტის მდგომარეობის გასაგებად მივიდა, მას იქ უცხო პირები დახვდნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოძიება ამ ფაქტზე არის დაწყებული.