ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, ქუთაისის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ აღარ აინთება - ქუთაისის მერი

პუბლიკა

ქუთაისში ნაძვისხე საზეიმოდ აღარ აინთება, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.  მისი თქმით, მიზეზი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებაა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.

შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება“,- – წერია ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

ქუთაისის მერიაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის მერიამ გააუქმა ყველა საახალწლო ღონისძიება, სიმართლეს არ შეესაბამება.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.