ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულმა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულმა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.

დიდუბე-ჩუღურეთი პოლიციის გამომძიებელი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა. ტელეკომპანიას ამ ინფორმაციას ადვოკატი უდასტურებს: „მარიანა ჩოლიანი გათავისუფლდა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით.”

ლუკა სირაძის ძმა „TV პირველთან“ ამბობს, რომ ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება.

„საერთოდ არ ველოდებოდით, რომ მარიანა ჩოლოიანს ვინმე გარეთ გამოუშვებდა, პირიქით ჩვენ ველოდებოდით, რომ მას ბრალი დაუმძიმდებოდა“, – ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა.


2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩოლოიანს 2 წლით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის უფლებაც.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.


არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო. ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

შესწორება: ტექსტში, თავდაპირველ ვერსიაში, მარიანა ჩოლოიანის შესახებ გამომძიებლის ნაცვლად ეწერა პროკურორი. „პუბლიკა“ ბოდიშს გიხდით ტექნიკური შეცდომისთვის.